ქართული რესპუბლიკა

მოდით შევთანხმდეთ

რადგან დღეს ერი დაყოფილია; რადგან დაყოფა მტერს უწყობს ხელს; ვალდებულები ვართ შევთანხმდეთ და გავერთიანდეთ იმ მიზნებისა და ღირებულებების ირგვლივ, რომლებსაც ქართველების უმრავლესობა ვიზიარებთ.

ამიტომ მოდით შევთანხმდეთ

სარჩევი

საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

საქართველო არის და იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ქართველი ერის ურყევი ნება, იცხოვროს საკუთარ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, დადასტურებულია როგორც 1918 წლის 26 მაისისა და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტებით, ისე 1921 წლის თებერვალსა და 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გაღებული მსხვერპლით. ეს ნება უზენაესია და არ ექვემდებარება გადახედვას.

ქართველი ერი არასოდეს შეეგუება ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული მიწის ნებისმიერი ფორმით ხელყოფის მცდელობას.

ერი სახელმწიფოს შექმნა

საქართველოს დამოუკდებლობა არის ქართული ერი-სახელმწიფოს შექმნის აუცილებელი წინაპირობა.

ერი-სახელმწიფო სამ ძირითად საყრდენზე დგას: ერი, სახელმწიფო რომელიც ეკუთვნის ამ ერს და ტერიტორია, რომელზეც არსებობს ეს სახელმწიფო.

ერ-სახელმწიფოში ძალაუფლების ერთადერთი წყარო ერია, რომელიც საკუთარ უზენაეს ნებას მის მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით ახორციელებს.

დაუშვებელია ძალაუფლების მიტაცება ნებისმიერი ჯგუფისა თუ ინდივიდის მიერ. ერთპიროვნული, ოლიგარქიული და ავტორიტარული მმართველობა ნიშნავს ქვეყნის მართვას ერთეულების და არა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის. ხელისუფლება არის ქართველი ერის მიერ შეზღუდული ვადით დაქირავებული, ანგარიშვალდებული მსახური და არა მისი ბატონი.

თავისუფლება, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა

ქართველ ერისთვი თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის უფლობას, ესე იგი საკუთარ თავზე უფლის ნების აღსრულებას.

თავისუფლება არის ღმერთისგან ბოძებული საჩუქარი, რომლის შეზღუდვის უფლებაც არავის აქვს, ვიდრე ადამიანი არ ხელყოფს სხვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და თავისუფლებას.

სწორედ ამ უზენაესი თავისუფლებისა და თითოეული მოქალაქის ღირსების დასაცავად, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. კანონი უნდა ემსახურებოდეს არა მმართველთა ძალაუფლების შენარჩუნებას, არამედ სიმართლესა და სამართლიანობას. ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ სახელმწიფო სისტემის მხრიდან ადამიანზე ძალადობასა და დაშინებაზე.

სასამართლო სისტემა და ძალოვანი სტრუქტურები უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან, ხოლო აზრის, კრიტიკისა და გამოხატვის თავისუფლება — ხელშეუხებელი. განსხვავებული პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი პოზიცია აღარსოდეს უნდა გახდეს დევნის საფუძველი.

ერთობა, მშვიდობა და უსაფრთხოება

ქართველთა ერთიანობა ჩვენი ერის გადარჩენის, თავისუფლებისა და გაძლიერების უმთავრესი პირობაა.

ჩვენმა ისტორიამ არაერთხელ დაგვანახა, რომ შიდა დაპირისპირება ფიზიკურად ანადგურებს ერს და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამიტომ ჩვენი ვალია, აღარასოდეს დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება და ქართველებს შორის ურთიერთსიძულვილის გაღვივება.

მშვიდობა და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებისგან. დაუშვებელია კრიმინალის გაბატონება და ისეთი გარემო, სადაც ადამიანი საკუთარ სახლსა თუ ქუჩაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

ქართული თვითმყოფადობის დაცვა და გაძლიერება

თითოეული ქართველის ვალია ჩვენი თვითმყოფადობის დაცვა, შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

ქართული ენა, ქრისტიანული ფასეულობები, საერთო ისტორიული მეხსიერება და მრავალსაუკუნოვანი ზნე-ჩვეულებები ის საყრდენებია, რომლებზეც დგას ქართველი ერის არსებობა და რომლებზეც უნდა აშენდეს ძლიერი და თავისუფალი ქართული სახელმწიფო.

სწორედ ეს მეკვიდრეობა უნდა იქცეს ჩვენი განვითარების მამოძრავებელ ძალად, რომელიც განამტკიცებს საზოგადოების ერთიანობას, გაგვიძლიერებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და შთაგვაგონებს ახალი მიღწევებისა და წარმატებებისკენ სწრაფვას.

ქართველი ერის განუყოფელი ნაწილია ყველა, ვინც იზიარებს ამ ღირებულებებს და საკუთარ თავს ამ ისტორიული და კულტურული ერთობის ნაწილად მიიჩნევს. ამ ერთობისადმი კუთვნილება არ განისაზღვრება ეთნიკური წარმომავლობითა თუ რელიგიური კუთვნილებით, არამედ ამ მემკვიდრეობის გაზიარებითა და მისი დაცვის მზადყოფნით.

ძლიერი თავდაცვა და ბრძოლისუნარიანობა

ერი-სახელმწიფოს თავისუფლების მთავარი გარანტი/წინაპირობა ძლიერი, დისციპლინირებული და მაღალტექნოლოგიური ქართული შეიარაღებული ძალები და ბრძოლისთვის მზად მყოფი ერია.

საჭირო მზაობა მოითხოვს თითოეული მოქალაქის ჩართულობას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში. მოქალაქეს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის, ოჯახისა და სამშობლოს დაცვა.

ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება ერის ბრძოლისუნარიანობასა და თავდაცვისთვის მზადყოფნაზეა დამოკიდებული. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და მუდმივი საფრთხეები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს. ამისთვის აუცილებელია ქმედითი სამხედრო რეზერვი, მოქალაქეთა სათანადო მომზადება და შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების ორგანიზებული ერთიანობა. სწორედ ეს ქმნის ქვეყნის მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მტკიცე საფუძველს.

აქტიური საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო პოლიტიკას მხოლოდ ერთი უცვლელი ორიენტირი აქვს: ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები.

საქართველომ უნდა აწარმოოს აქტიური საგარეო პოლიტიკა და დაამყაროს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც საერთო ინტერესები, მიზნები ან ღირებულებები აკავშირებს.

საქართველოს ისტორიული ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ მჭიდრო კავკასიური თანამშრომლობა, რომელიც რეგიონს საშუალებას მისცემს შინარჩუნოს თვითმყოფადობა, განვითარდეს და გაუმკლავდეს საერთო გამოწვევებს.

მდიდარი საქართველო და ტექნოლოგიური განვითარება

საქართველოს უნდა ჰქონდეს ძლიერი, თავისუფალი და თანამედროვე ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გამდიდრებასა და ქართული ოჯახის ღირსეულ ცხოვრებას.

ეკონომიკური თავისუფლება, კერძო საკუთრების დაცვა, მეწარმეობა და თავისუფალი კონკურენცია ქვეყნის განვითარების უმთავრესი საფუძვლებია.

საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი განათლება და ტექნოლოგიური განვითარებაა. მეცნიერება, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე წარმოება უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, გააძლიეროს ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნას ქართველი ხალხის გამდიდრების ახალი შესაძლებლობები.

ხალხის ფულისა და ქვეყნის სიმდიდრის ხელშეუხებლობა

სახელმწიფო ბიუჯეტი ხალხის შრომითა და ჯაფით შეგროვებული სახსრებია, ხოლო ქვეყნის ბუნებრივი რესურსები და საზოგადოებრივი ქონება ჩვენი საერთო სიმდიდრეა.

ნებისმიერი ფორმის კორუფცია, ხალხის ფულის ფლანგვა, მითვისება თუ ქვეყნის სიმდიდრის პირადი გამდიდრებისთვის გამოყენება არის დანაშაული ქართველი ერისა და მისი მომავლის წინაშე.

ხალხის ფული და ქვეყნის სიმდიდრე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის განვითარებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას.

ქართული ერის დემოგრაფიული გაძლიერება და რეგიონალური განვითარება

საქართველოს მომავლისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა ქართველი ერის გამრავლება.

ამ მიზნით, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს: უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებას, ქართული ოჯახების გაძლიერებას, ჯანსაღი თაობების აღსრდასა და მათ ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში განვითარებას.

სახელმწიფომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს უცხოლეთა მიგრაციული ნაკადები, რათა ეფექტურად იყოს დაცული ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოება და შენარჩუნდეს ეროვნული იდენტობა.

ამასთანავე, აუცილებელია რეგიონული ქალაქებისა და ცენტრების განვითარება, რათა შენარჩუნდეს ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნება, გაძლიერდეს ეკონომიკა და თავიდან ავიცილოთ რეგიონების მოსახლეობისგან დაცლა.

იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს ძალაუფლების განხორციელების რეალური ბერკეტები, ადგილობრივი საკითხები უნდა წყდებოდეს უშუალოდ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში და არა დედაქალაქში.

ღირსეული ცხოვრება

ჩვენი უპირობო ვალდებულებაა, რომ ქართულ სახელმწიფოში არცერთი ბავშვი, არცერთი მოხუცი და არცერთი შრომისუუნარო ადამიანი არ დარჩეს მარტო სიღარიბისა და უმწეობის პირისპირ.

საზოგადოების ძლიერება იზომება არა მხოლოდ მისი სიმდიდრით, არამედ დაუცველი წევრების მიმართ გამოვლენილი ზრუნვითაც.

თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ღირსეული ცხოვრებისა და საკუთარი უნარების რეალიზების შესაძლებლობა.

ოკუპაციის დასრულება

ქართული ერი-სახელმწიფოს ერთ-ერთი საყრდენის მთლიანობა ხელყოფილია მტრის მიერ.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი და ერის სამკვიდრებელია. ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და მშობლიურ მიწაზე დაბრუნება ქართველების საერთო ამოცანა და ერი-სახელმწიფოს არსებობის გარდაუვალი წინაპირობაა. თითოეული პოლიტიკური გადაწყვეტილება და სახელმწიფოებრივი ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს ოკუპაციის დასრულებას.

საქართველოს სახელმწიფო დროშა
შემოგვიერთდი